სოსიაშვილი – ირანის თემაზე გაკეთებულ განცხადებებზე: ნებისმიერ შემთხვევას ისინი იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
„ნებისმიერ შემთხვევას ისინი იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ,“- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ მოვისმინეთ თინა ტაივანელის ბოდვა, რომელსაც გასავალი ნამდვილად აღარ აქვს, ის 2000-იან წლებშია ჩარჩენილი, როგორც ჩანს და ჰგონია, რომ თავისი ამ უპასუხისმგებლო განცხადებებით და სიყალბით შეცდომაში შეიყვანს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ის პირდაპირ სამიზნედ ხდის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას და აზიანებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომაც მას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა.
ნებისმიერ სიტუაციას, ნებისმიერ შემთხვევას ისინი იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამ ომის გამოყენება, ჩათრევა სცადეს, ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია მოარგეს საკუთარ ინტერესებს, რომ საკუთარი სამშობლო დააზარალონ და როგორღაც მოხდეს აქ ტემპერატურის აწევა“, – განაცხადა სოსიაშვილმა.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში ირანის თემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.