ლევან მეხუზლა: ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა
ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოშიც, კომერციული, სამეწარმეო ვენახის გაშენება უნდა იყოს ორიენტირებული გრძელვადიან ხარისხზე, ნერგი უნდა იყოს კვალიფიციურ სანერგეში გამოყვანილი, ვენახი უნდა იყოს გაშენებული სწორ ადგილზე, რადგან ყველა ნიადაგი არ იძლევა საუკეთესო ხარისხის ყურძენს. ეს ფაქტორები თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული. ვენახი არის ის სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა, რადგან ახლა გაშენებული ვენახებიდან საუკეთესო მოსავლის მიღება 15 წლის შემდეგ იწყება, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გაიზარდა გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად ყურძნის მოსავლიანობა, ცვლილების თანახმად, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელი წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ ამ ღვინის ან/და სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან.
ცვლილება ასევე განსაზღვრავს ღვინის ყველა კომპანიისთვის მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა-შეტყობინების მოთხოვნების შესრულებას.
ცვლილებების მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.
„ქართული ღვინო უნდა პოზიციონირებდეს იმ სეგმენტში, სადაც წარმოდგენილია უნიკალური და პრემიუმ ხარიხის ღვინოები. ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა და თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას. ამ ეტაპზე, ვენახების მასიური გაშენების ტემპი შენელებულია. ბოლოს წლების სტატისტიკით, ყოველწლიურად, 500 ჰექტრამდე ფართობი ახალი ვენახი შენდება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება შეეხება დაახლოებით 100-მდე პირს“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.