“აშკარა გახდა, რომ მთელი ეს ოთხი წელი, მიზეზი რატომაც ევროკავშირი და დასავლეთი გვერჩოდა, იყო ის, რომ არ დავყევით მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„გუშინ მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს. იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ მთელი ეს ოთხი წელი, მიზეზი რატომაც ევროკავშირი და დასავლეთი გვერჩოდა, იყო ის, რომ არ დავყევით მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან. აბა რა არის, თუ არა „მეორე ფრონტის“ გახსნის მოთხოვნა, როდესაც საქართველოს ეუბნები რომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, ტურისტები არ შემოუშვას, როგორც ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, ვაჭრობა არ გვქონდეს, ანუ ღვინო არ გაიტანოს ქართველმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ და არ ვიცი ეს თვითმფრინავები ციდან უნდა მოვხსნათ, თუ რა უნდა ვქნათ?! ბენზინი თურმე არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმენმა რუსეთიდან და იყიდოს ძვირი, ბრიტანული ბენზინი, როგორც ეს გვითხრა ბრიტანეთის ელჩმა. ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, ომს, ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც ფრანგი და არავინ საერთოდ, ერთი ჯარისკაცი არ ჩამოვა ჩვენთან საომრად. შეგვატოვებენ მარტო როგორც ყოველთვის გვიწევდა და შემოგვხედავენ გარედან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩების თქმით, მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას.