სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებული პროცედურები ადგილზე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი მაჭავარიანთან ერთად შეაფასა.

ბექა ურუშაძემ აღნიშნა, რომ პროექტის მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ფონდმა მას შემდეგ მიიღო, რაც კონტრაქტორთან ერთად პროექტის გაგრძელებისთვის არსებული ყველა შესაძლო რესურსი ამოიწურა.

„ამ პროცესის თითოეული ეტაპი — ხელშეკრულების შეწყვეტიდან ახალი ტენდერის გამოცხადებამდე — აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მჭიდრო კოორდინაციითა და ჩართულობით მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის პრიორიტეტი ყოველთვის არის მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით იმ პროექტებზე, რომლებიც პრობლემური მდგომარეობით გადმოგვეცა”, – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ბექა ურუშაძემ ასევე განმარტა, რომ პროცედურას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა, ფონდი მაქსიმალურად ცდილობს, ყველა ეტაპი მოკლე ვადებში, გამჭვირვალედ დასრულდეს და,  კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, სამუშაოების დასასრულებლად ახალი ტენდერი აპრილ-მაისში გამოცხადდეს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები