მიხეილ ქვლივიძის დაბადების დღე და „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“
1925 წლის 22 თებერვალს დაიბადა პოეტი, ლიტერატორი და მთარგმნელი მიხეილ ქვლივიძე.
1941 წელს მიხეილ ქვლივიძემ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და იმავე ზაფხულს თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
უნივერსიტეტში მიხეილ ქვლივიძე 2 წელი (1941–1943) სწავლობდა. მეორე კურსის შემდეგ შრომითი მობილიზაციით საავიაციო ქარხანაში სამუშაოდ გაიწვიეს, სადაც მან წელიწადზე მეტი დაყო. შემდეგ კი ყველაფერს ხატვის სიყვარულმა სძლია და მან, 1944 წელს, სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1950 წელს დაამთავრა.
1954 წელს, კონსტანტინე სიმონოვის რეკომენდაციით, მიხეილ ქვლივიძე საკავშირო მწერალთა კავშირში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა (1954–1959).
1962-1966 წლებში, იგი, ერთადერთი ქართველი პოეტი, ევროპის მწერალთა კავშირის წევრი გახდა. 1960-1965 წლებში იგი რედაქტორად მუშაობდა საკავშირო გამომცემლობაში „Советский писатель“. ამ პერიოდის მისი ლიტერატურული საქმიანობა მხოლოდ ლექსებით არ შემოიფარგლებოდა, იგი წერდა კრიტიკულ სტატიებსა და საბავშვო წიგნებს, ძალიან ბევრს თარგმნიდა, განსაკუთრებით, პოლონელ და უნგრელ პოეტებს. მან შეადგინა და პოლონეთში გამოსცა „ძველი ქართული პოეზიის ანთოლოგია“, ხოლო უნგრეთში — „თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია“. 1970-1971 წლებში მიხეილ ქვლივიძე დაჯილდოვდა მედლებით პოლონური და უნგრული კულტურის წინაშე დამსახურებისთვის. 1982 წელს, ქართველი პოეტი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში“.
პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი კინოს ეკავა. 1962 წლიდან იგი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო საბჭოს წევრი იყო. 1965 წელს, მან მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ გიჟიმყრელის მოკლემეტრაჟიან ფილმში „გრიბოედოვის საჩუქარი“.
მიხეილ ქვლივიძე კითხულობდა ლექციებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კულტურის უნივერსიტეტში. 1998 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2001 წელს პოეტს გადაეცა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია პუბლიცისტურ-პოეტური ქმნილებებისათვის. იგი ხშირად და სიამოვნებით მართავდა შეხვედრებს მკითხველებთან, კითხულობდა ლექციებს.
გარდაიცვალა 2005 წლის 20 ივლისს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
* * *
რამდენი ჩვენგან წასული კაცის…
(მსახიობ გიორგი შავგულიძის ხსოვნას)
……
რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც −
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.
ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს −
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.
მისი დაკარგვის მწარეა განცდა
(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან −
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.
და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,
თვალს მოვკრავთ ღიმილს −
ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს…
და თითქოს ვითვლით − ისევ და ისევ
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ:
ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!
მიხეილ ქვლივიძე