პაპუაშვილი – გიგაურზე: არ ვიცი, რაზე ჰქონდათ საელჩოში საუბარი, ასეთი ზიზღით დამუხტული, როგორ გამოვიდა გერმანიის ელჩთან შეხვედრიდან
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისა და საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეხვედრას გამოეხმაურა.
„მე, როგორც მივხვდი, შეხვდნენ ბინაში, და არა საელჩოში, იყო პირადი ხასიათის შეხვედრა. ალბათ მეგობრობენ. სხვა მე არ ვიცი, რა დასკვნა გამოვიტანო. ერთადერთი რაც ვნახე და ამას მინდა ხაზი გავუსვა, ქალბატონი გიგაურის ზიზღი, „ევროპული ზიზღი“, რომელიც მისგან მოდის ჟურნალისტებთან მიმართებით – „რუსული ტელევიზია“. არ ვიცი, რაზე ჰქონდათ საელჩოში საუბარი, ასეთი ზიზღით დამუხტული, როგორ გამოვიდა გერმანიის ელჩთან შეხვედრიდან, რომ ასეთი სიძულვილი, ზიზღი აჩვენა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდება ევროკომისიის მიერ. ასე რომ, ამ ყველაფერში, ერთი მილიონი არის გადახდილი, როგორც მათივე ინფორმაციიდან ვიცით. ამ ზიზღში და სიძულვილში ერთი მილიონია გადახდილი. როგორც ჩანს ამ თანხის გამომუშავება ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.