აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას მშვიდობის საბჭოს პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ღაზას სექტორის აღდგენის მრავალმილიარდიანი გეგმის შესახებ გამოაცხადებს,- ამის შესახებ Associated Press-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ მშვიდობის საბჭოს პირველ შეხვედრაში, რომელიც 19 თებერვალს გაიმართება, სულ მცირე, 20 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
მოსალოდნელია, რომ ომისგან განადგურებული ღაზას სექტორის რეკონსტრუქციისთვის მილიარდობით დოლარი გამოიყოფა , ასევე ათასობით ჯარისკაცი გაიგზავნება საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებისთვის, რომლებიც ტერიტორიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
მშვიდობის საბჭოს შექმნა ტრამპის მიერ ღაზას სექტორში კონფლიქტის დასრულების გეგმის ნაწილი იყო. მისი შექმნის შესახებ 2026 წლის იანვარში გამოცხადდა.
საბჭოს წევრად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, დაახლოებით, 60 ლიდერი მიიწვიეს, ზოგიერთი მათგანი დამფუძნებელი წევრის რანგშიც იყო წარმოდგენილი. ტრამპი მშვიდობის საბჭოს პირველი თავმჯდომარე გახდა.
22 იანვარს დავოსში მშვიდობის საბჭოს დაარსების ცერემონია გაიმართა.