„ქებათა ქება“ – ქართული თარგმანების ილუსტრირებული ანთოლოგია გამოიცა
ქართულენოვან საგამომცემლო სივრცეს შეემატა „ქებათა ქების“ ქართული თარგმანების ილუსტრირებული ანთოლოგია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „თსუ-ს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“ ავრცელებს.
ანთოლოგიაში შესულია „ქებათა ქების“ მეოცე საუკუნეში შესრულებული – გერცელ ბააზოვის, ნათან ელიაშვილის, გრიგოლ ფერაძის, ზურაბ კიკნაძის, იცხაკ დავიდის, შალომ დავიდის, აბრაამ მამისთავლოვისა და დავით წერედიანის – ქართული თარგმანები;
„თითოეული ნაშრომი უაღრესად საინტერესოა ორიგინალის ფორმის, ენობრივი ქსოვილის, პოეტური ენის, სტილის, მხატვრული სახეებისა და სხვ. ქართულ ენაზე გადმოტანის კუთხით. ყველა თარგმანი უნიკალური და მნიშვნელოვანია ქართულად თარგმნილი ბიბლიის ისტორიისათვის, სამეცნიერო და კულტუროლოგიური თვალსაზრისით“, – წერია ინფორმაციაში.
პროექტის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორია ეკატერინე ნავროზაშვილი. ილუსტრაციები ეკუთვნის მხატვარ გია გუგუშვილს, დიზაინი – დავით ჯანიაშვილს. წიგნი გამოსცა ხელოვნების განვითარების ფონდმა (IMT).