ირაკლი კირცხალია: ბრიუსელში კარგად იციან, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომლებსაც ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, სად ვდგავართ, ჩვენი ქვეყნის რა ინტერესებს ვიცავთ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიზის აღება მოგვიწევს თუ არა
ძალიან კარგად იციან მათაც და იცოდნენ წლების წინ, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომლებსაც ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული სად ვართ, სად ვდგავართ, ჩვენი ქვეყნის რა ინტერესებს ვიცავთ და როდის, ძალიან ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დიპლომატიურ პასპორტში ვიზის აღება მოგვიწევს თუ არა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომელმაც ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
როგორც კირცხალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, „ბრიუსელი, თავისი ჭკუით, სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებს“ მათი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. მისივე თქმით, აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება მოულოდნელი არ იყო და ბრიუსელის ბიუროკრატიის ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის არაფერს წყვეტს.
„ეს არის იმ ბიუროკრატიის, იმ ბინძური მანქანის ბინძური მექანიზმის ამოქმედება, რომელიც მოულოდნელი არ იყო. ეს არაფერს წყვეტს ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ მათ ვამხელთ – იმ არარჩეულ ბიუროკრატიას, იმ ბინძურ მანქანას, რომელიც ინერციით თუ გაორმაგებული ძალით [მუშაობს], მას შემდეგ რაც აშშ-დან მთავარი დონორები გადაიკეტა და შტატებიდან დაფინანსებები ძალიან შემცირდა, ვხედავთ, როგორი გამძვინვარებით მოქმედებს ბიუროკრატიის ეს დიდი მანქანა ევროკავშირში და კერძოდ, ბრიუსელში. ასე რომ, მათ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მეტყველებს მათ არასწორ პოლიტიკაზე, რაზეც შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ. ვხედავთ რაც ხდება და არაერთხელ გვითქვამს, წლების, თვეების წინ, რომ მოვა დრო და დავინახავთ, მათსავე ქვეყნებში საღი აზრი გამოჩნდება და ხალხი ხმას აიმაღლებს“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიას საქართველოს წინააღმდეგ ეს ერთადერთი ტყვია დარჩა სადამსჯელო მექანიზმად.
„თითოეული ეს გასროლილი ბინძური ტყვია, მეტყველებს მხოლოდ მათზე. იყო მუქარა საზოგადოებისთვის, რომ ყველას შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა – განვმეორდები, რასაც ვამბობდით ყოველთვის, რომ არანაირი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საფუძველი ამის არ არსებობს და ერთადერთი ეს ტყვია აქვთ დარჩენილი. იმ ბევრ სიბინძურესთან ერთად, რაც განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ ატრიალეს, როდესაც ვერ მიიღეს დაქვემდებარებული და დამონებული ხელისუფლება, როცა ვერ გაუშალეს სხვა დამონებული ხელისუფლებასავით წითელი ხალიჩები ბრიუსელში და სხვადასხვა ქვეყნებში, ამის შემდეგ ატყდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მთელი ეს ამბავი – ეს ბოლო ტყვია დარჩათ ჩვენი საზოგადოების სადამსჯელო მექანიზმად. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, თავი არავისთვის დაუხრია ისტორიულად და დამერწმუნეთ, ბრიუსელს მით უმეტეს არ დაუხრის, ბრიუსელს – რომელიც სრულიად გაშიშვლდა, იმ თავის სიბინძურეში, რაშიც თავის წევრ ქვეყნებს მართავს თავხედურად და აზის თავზე“, – განაცხადა კირცხალიამ.