კაია კალასი: არქტიკის უსაფრთხოების საკითხებმა ევროკავშირის ყურადღება უკრაინისგან არ უნდა გადაიტანოს
არქტიკის უსაფრთხოების საკითხების მოგვარების მნიშვნელობის მიუხედავად, ევროკავშირისთვის ამჟამად ყველაზე მწვავე უსაფრთხოების გამოწვევად უკრაინა რჩება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის წინ განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ არქტიკის უსაფრთხოების საკითხებმა ევროკავშირის ყურადღება უკრაინისგან არ უნდა გადაიტანოს.
„ჩვენ, ევროკავშირში [ისევე როგორც ნატოში] ვავითარებთ ჩვენს ახალ არქტიკულ სტრატეგიას“, – განაცხადა კალასმა.
როგორც მან აღნიშნა, წინა სტრატეგიებისგან განსხვავება ის იყო, რომ „წინა სტრატეგიები ეხებოდა კლიმატს, კვლევას, თევზჭერასა და გარემოს, მაგრამ არ ეხებოდა უსაფრთხოების საკითხს“.
„ცოტა ხნის წინ არქტიკაში ვიყავი და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ, მაგრამ ამან არ უნდა გადაგვატანინოს ჩვენი ყურადღება იქიდან, სადაც ამჟამად ყველაზე მწვავე საფრთხეებია – და ეს, რა თქმა უნდა, უკრაინაა“, – ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.