ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა შემაჯამებელი სწავლებები დაასრულა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზეა ბატალიონის მიერ ოპერაციის რაიონის გადაბარების პროცესიც.
ქართველმა სამხედროებმა სამოქმედო რაიონი შეისწავლეს და სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.
მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიის დასკვნით ფაზაზე, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სამშვიდობო მისიას შეასრულებს.
ბატალიონის მთავარ ამოცანას კოალიციურ ძალებთან ერთად ბაზის დაცვა და პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება წარმოადგენს.
ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ქვედანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. 51-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთი თვის მანძილზე გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=0v-KXoXbDdU” width=”560″ height=”315″]