მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების შესაძლებლობისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის სექტორში ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან, სადაც დეტალურად იმსჯელეს როგორც საქართველოში, ისე გლობალურად არსებულ მდგომარეობაზე საწვავის ფასებთან მიმართებაში.
„ერთი მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საწვავის ფასები საქართველოში საგრძნობლად ნაკლებია ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით, რაც, რა თქმა უნდა, განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკით უშუალოდ აქციზის საფასურთან მიმართებაში, რომელიც, საშუალოდ, სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აქციზის საფასურია მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ არის საქართველოში საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ევროპაში.
„ამ ფაქტის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მუშაობა და მსჯელობა, თუ ერთიანი ძალისხმევით რა რესურსი შეიძლება მოიძებნოს საწვავზე ფასების შემცირებისთვის“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.