გურამ დუმბაძე – მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია, – ამის შესახებ რადიო „იმედის” ეთერში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.
როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, ეს თანხა ასევე მოიცავს მთელ რიგ უარებს შესყიდვებთან დაკავშირებით.
„ჩვენი მანდატის ფარგლებში ორ ნაწილში ვართ კონცენტრირებული, ეს არის მიმდინარე პროექტების და პროგრამების შემოწმება და მონიტორინგი, ასევე რეფორმების ინიცირება. ეს 300 მილიონი ლარი ბაზრის კვლევის დეპარტამენტთან ერთად მონიტორინგის შედეგად შეადგენს პირდაპირ ეფექტს. რჩევა მივეცით შემსყიდველ ორგანიზაციებს, სხვადასხვა სამინისტროებს, მოეხდინათ კონკრეტული ღირებულების კორექტირება და ეს არის რეალური შედეგი, რაც ჩვენ შვიდი თვის განმავლობაში მივიღეთ. ეს თანხა ასევე მოიცავს მაგალითად მთელ რიგ უარებს შესყიდვებთან დაკავშირებით, რადგან თუ საკმარისი ნაშთები მაქვს, მე ამ რაოდენობის შესყიდვა არ მჭირდება და უნდა მოვახდინო კორექტირება. ამავდროულად, ჩვენ მათ ვასწავლით მიდგომებს, პრაქტიკა როგორ უნდა შეცვალონ კონკრეტულ შესყიდვასთან ან სახელმწიფო პროგრამის დაგეგმვასთან დაკავშირებით, რომ სამომავლოდ ასეთი ნაკლოვანებები არ იყოს. შესაძლებელია, ჩვენთან მოვიდეს დოკუმენტი, სადაც არ არის გათვალისწინებული ხარისხის კომპონენტი. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ მზად, გადავიხადოთ ისეთ რაღაცაში, რაზეც 6-7 თვის შემდეგ ხელახალი ხარჯი უნდა გავწიოთ. საჭიროებების კვლევა, დაგეგმვა არის შესყიდვების სისტემის ერთ-ერთი ნაკლოვანება. ჩვენ კონცენტრირებული ვართ, რომ გავაუმჯობესოთ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ნაწილი შემსყიდველ ორგანიზაციებში”, – განაცხადა გურამ დუმბაძემ.