ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა საერთაშორისო აქსელერატორმა Startupbootcamp-მა საქართველოში აქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ერთ-ერთმა გამარჯვებულმა აქსელერატორმა Startupbootcamp-მა აქსელერაციის პროგრამის პირველი ფაზა – Founder-Market Fit დაიწყო, რაც მოიცავს ორთვიანი ინტენსიური სწავლებისა და მენტორინგის პერიოდს შერჩეული 40 სტარტაპისთვის. აქსელერაციის პროგრამის დაწყების ღონისძიებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.
“პროგრამა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში. გარდა ამისა, დაეხმარება სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლების უნარებისა და ცოდნის განვითარებას და მათ მზაობას მასშტაბირებადი ბიზნესის შესაქმნელად, ასევე მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტების პოზიციონირებას.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ პროგრამის მნიშვნელობას, სამომავლო გეგმებს, Startupbootcamp-ის გლობალურ გამოცდილებას და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც პროგრამა სთავაზობს ქართველ დამფუძნებლებს.
Startupbootcamp- ი გლობალურ ბაზარზე საქმიანობს და 27 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ის კონცენტრირებულია ინოვაციური ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებასა და მათ გლობალურ ბაზარზე წარმატებული გასვლის ხელშეწყობაზე.
“ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში” სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი – Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute – მონაწილეობს. უახლოეს მომავალში აქსელერაციის პროცესს დაიწყებს Plug and Play, ხოლო ივლისიდან პროგრამას შეუერთდება 500 Global და Founder Institute. პროგრამა დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში,”- წერია ინფორმაციაში.