ირაკლი ქადაგიშვილი: არასწორი იქნებოდა, ავყოლოდით იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც საქართველოზე წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ – შეიძლება ზოგს მოსწყინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს აუცილებლად გამოიწვევდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას
ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ ზუსტად ის პოზიცია გვაქვს, რა პოზიციაც უნდა გვეკავოს. აქ იმდენად დიდი მოთამაშეები არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულნი, რომ ჩვენი პოზიციონირება ამ დიდ თამაშში, აბსოლუტურად არაფერს ცვლის, მაგრამ, ჩვენი არასწორი პოზიციონირება ამ ტურბულენტობის პირობებში, ჩვენ ჩაგვითრევს და შეიძლება, ერთ-ერთი განტევების ვაცი აღმოვჩნდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, არასწორი იქნებოდა, საქართველო იმ პოლიტიკურ ზეწოლას აჰყოლოდა, რომელიც საქართველოზე მთელი ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, განსაკუთრებით კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მისი თქმით, ვინც მეორე ფრონტს გეგმავდა, მათთვის ეს გამართლებული გეგმა იყო, რადგან კავკასიაში არეულობა რუსეთს დიდ პრობლემებს შეუქმნიდა, მაგრამ საქართველოსთვის, მოვლენების ამგვარი განვითარება, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საერთოდ, ჰუმანიტარული კატასტროფა იქნებოდა.
„არასწორი იქნებოდა, ჩვენ ავყოლოდით იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც საქართველოზე მთელი ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ჩვენ უნდა დაგვეწესებინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ანუ, პირდაპირ კონფრონტაციაში შევსულიყავით. ფაქტობრივად, სამხედრო დახმარება უნდა გაგვეწია, მათ შორის, ცოცხალი ძალით – მართალია, არა ოფიციალური შეიარაღებული ძალების, მაგრამ, ცოცხალი ძალის სახელმწიფო ლეგიტიმაციით გაგზავნის კუთხით და ა.შ., რაც უპირობოდ გამოიწვევდა რუსეთის შემოტევას საქართველოზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ზოგს მოსწყინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ომი ხომ არსად წასულა, ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებლად გამოიწვევდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას ამა თუ იმ ფორმით. რუსეთის მხრიდან იქნებოდა საქართველოზე დარტყმა, მაგრამ, ვინც ამას პროვოცირებდა, იმათი მიზანი იყო, ეს ცეცხლი დაინთებოდა მთელ კავკასიაში და არა მარტო საქართველოში, როგორც ვიღაცას ჰგონია, რომ საქართველოთი შემოიფარგლებოდა. ეს იქნებოდა ცეცხლი მთელ კავკასიაში, რომელიც რუსეთს უპირობოდ ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა და ამ კონტექსტში, ვინც ამას გეგმავდა, მათთვის ეს გამართლებული გეგმა იყო, მაგრამ აქ, ჩვენთვის, საქართველოსთვის ეს ალბათ ისტორიული, თემურ ლენგის დონის ამაოხრებელი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საერთოდ, ჰუმანიტარული კატასტროფა იქნებოდა – რაც ხდება კიდეც უკრაინაში, რომელიც არის გაცილებით დიდი სახელმწიფო, მეტი ეკონომიკური პოტენციალით, გაცილებით დიდი მოსახლეობით, გარშემორტყმულია ნატო-ს მოსაზღვრე სახელმწიფოებით.
რომ დავუბრუნდეთ მთავარ მოცემულობას, რაც ევროპაში და ზოგადად, ევროატლანტიკურ სივრცეში ხდება, ტრამპმა, მისი მოსვლიდან, პირველი ყველაზე მკვეთრი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი რაც გადადგა, ეს იყო პუტინთან შეხვედრა ალიასკაზე. გარკვეულწილად, მათი იქ მიღწეული ღია თუ არასაჯარო შეთანხმებების კვალს ვხედავთ მთელი ამ წლის განმავლობაში რაც ვითარდება უკრაინასთან, მსოფლიო პოლიტიკასთან და იმავე ევროპასთან მიმართებით“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა „რადიო იმედის“ ეთერში.