თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს პრეზიდენტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია ნებისმიერი აქტის გამოცემა, შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი – რაც მთავარია შეწყალების აქტი გამოიცა
“საქართველოს პრეზიდენტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია, ნებისმიერი აქტის გამოცემა, რაც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი, რაღაც დოკუმენტაცია იყო დამატებით მოსაძიებელი, რაც მთავარია, შეწყალების აქტი გამოიცა,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეწყალების აქტები პერიოდულად გამოდის და არ არის დაკავშირებული მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებთან.
„შეიძლება, თუნდაც ერთი ადამიანის საკითხი იყო დასაზუსტებელი. ერთი კაცის გათავისუფლებაც ღირს, რომ ერთი საათით გვიან გამოსცე ასეთი აქტი. ვერ გეტყვით რასთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ, თუნდაც ერთი ან ორი კაცის დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ, ღირდა, რომ ერთი, ორი ან მეტი საათით გვიან გამოცემულიყო ეს აქტი. პრეზიდენტს უფლება აქვს, შეწყალების აქტის გამოცემამდე ვინმესთან კონსულტაცია არც კი გაიაროს. შეწყალების აქტები პერიოდულად გამოდის და არ არის დაკავშირებული მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებთან. მომავალშიც იქნება ეს ჰუმანური აქტები, საქართველოს პრეზიდენტი ვინმეს თუ თვლის შესაწყალებლად, მომავალშიც არ იქნება გვიან ასეთი გამოცემა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.