“ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა ამ სიბინძურეს პასუხი გაეცეს და BBC-მ მოიხადოს ბოდიში არა მარტო ხელისუფლების, არამედ – ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე” – გიორგი გაბუნია

“ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, პირველ რიგში – არც BBC-ს და არც მის უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რათა ამ სიბინძურეს პასუხი გაეცეს და BBC-მ მოიხადოს ბოდიში არა მარტო ხელისუფლების, არამედ – ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა.

„BBC-ს დაფინანსებისა და მართვის მოდელი ერთი შეხედვით თითქოს დამოუკიდებელი მედიის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს კარგად გამოჩნდა არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, არამედ გვახსოვს გაბრაზებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც ასევე აქვს სამართლებრივი დავა დაწყებული BBC-ს წინააღმდეგ. ასევე, მოვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები BBC-ს წინააღმდეგ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის მხრიდან. შესაბამისად, საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, საინფორმაციო დივერსია, იმისთვის რომ საქართველოს სახელმწიფო დაზიანებულიყო“, – განაცხადა გაბუნიამ.

„ბიბისის“ ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენ მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები