შალვა პაპუაშვილი – აქციის მონაწილეებზე: 4 ოქტომბრის გადატრიალება და ხელისუფლების დამხობის მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს ისინი თავს გმირებად წარმოაჩენდნენ

„4 ოქტომბრის გადატრიალება და ხელისუფლების დამხობის მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს ისინი თავს გმირებად წარმოაჩენდნენ,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარე ძალები ასეთ სამარცხვინო ხალხს იყენებენ იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა.

„4 ოქტომბრის გადატრიალება და ხელისუფლების დამხობის მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს ისინი თავს გმირებად წარმოაჩენდნენ და ხანგრძლივ ინტერვიუებში, ალბათ ისაუბრებდნენ, როგორ დაგეგმეს, როგორ ჭკვიანურად გათვალეს, როგორ მოატყუეს სამართალდამცველი ორგანოები და ასე შემდეგ. თავის გმირობებთან დაკავშირებით ძალიან ხმამაღლა და ყელყელაობით ისაუბრებდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩავარდა 4 ოქტომბრის, გარედან მხარდაჭერილი ხელისუფლების დამხობის სცენარი, ვნახეთ, რომ ერთმანეთს ასწრებენ, რომ თქვან – „არაფერ შუაში არიან“; რა შეკრება იყო, ისიც ვერ წარმოუდგენიათ; პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე გადავიდნენ იქ, რომ სამედიცინო დახმარება თუ რა ვიცი, საექიმო ვალდებულებები შეესრულებინათ აბსოლუტური აბსურდია, რასაც ჩვენ ვისმენთ! ეს არის სამარცხვინო, რასაც ჩვენ ვისმენთ.

ასეთი სამარცხვინო თანამოქალაქეები რომ არიან, ჩვენს ქვეყანაში ეს ერთია, მაგრამ ასეთ სამარცხვინო ხალხს ეყრდნობიან გარე ძალები. აი, ასეთ სამარცხვინო ხალხს იყენებენ ისინი იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს უპირველეს ყოვლისა, აჩვენებს იმ ძალების სახეს, რომლებმაც 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის შეკრებას ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს და დღემდე არ გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით განმარტება – ევროკომისიას ან მის ელჩს საქართველოში, თუ რატომ, როგორ მოხდა ეს და რასთან გვქონდა საქმე, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაგეგმილ შეკრებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები