მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან გაძევებულ პირთა ჯამურმა მაჩვენებელმა 1200 პირი შეადგინა.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: რუსეთის, ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ეთიოპიის, იორდანიის და ტაჯიკეთის – ჯამში 43 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით.