გივი მიქანაძე კოლეჯ „მერმისში‘‘ სასწავლო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე კოლეჯ „მერმისს‘‘ ესტუმრა, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო და საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა და სასწავლებლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კოლეჯში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული პროგრამები მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც სასწავლებელში დასაქმებული თითოეული ადამიანის უდიდესი დამსახურებაა.

გივი მიქანაძის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინკლუზიურ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თითოეული ახალგაზრდის ინდივიდუალური მხარდაჭერა. მისი განცხადებით, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია სამინისტროში სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის შექმნა.

კოლეჯი „მერმისი‘‘ მრავალპროფილურია და ახორციელებს 30-მდე პროგრამას 5 მიმართულებით: მომსახურება, ინჟინერია, წარმოება, ხელოვნება და ბიზნესი. ამჟამად სასწავლებელში სწავლობს 534 სტუდენტი, მათ შორის 32 სსსმ სტუდენტი.

კოლეჯში, მინისტრთან ერთად, იმყოფებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები