უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის „სამშვიდობო გეგმის“ განხილვის კონტექსტში ყველაზე საკამათო სამი საკითხია.
ამის შესახებ მან პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, აშშ-ის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ განხილვა „პროცესია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა“.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია. აღდგენის დაფინანსების საკითხი – ეს ევროპელი პარტნიორების გარეშე რთულია, რადგან ფული ევროპაშია. უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია – კერძოდ, აშშ-ის და ევროპის მხრიდან. ვიტყოდი, რომ ეს სამი მთავარი საკითხებია, ამიტომ ეს სიფრთხილეს მოითხოვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის მოლაპარაკებათა გუნდებს და დასძინა, რომ „გეგმა უკეთესად გამოიყურება“.