პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტები მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტები მესამე მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონპროექტს მხარი პარლამენტის 88 წევრმა დაუჭირა.
„კანონპროექტი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის ტექნიკური მახასიათებლების დახვეწას უკავშირდება.
საკანონმდებლო ორგანომ, 85 ხმით ერთხმად, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებების პროექტი სიგარეტის აქციზის განაკვეთის ცვლილებას და სიგარეტის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
კანონპროექტით, ადგილობრივი წარმოების 35 მილიონ კოლოფამდე სიგარეტზე ფიქსირებულად 1.3 ლარი აქციზი და 15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადი წესდება.
ასევე, იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება, ხოლო ადვალური განაკვეთი – 30%-დან 20%-მდე მცირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.