„როცა ვუყურებთ უკრაინაში რუსეთის აგრესიას, მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი უსაფრთხოების საკითხები, რა გავლენას მოახდენს ომი და ამ ომის შედეგები საქართველოს უსაფრთხოებაზე” – ნიკოლოზ სამხარაძე
“ომის პერიპეტიებიდან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია, რომელიმე მხარე სრულად გამარჯვებული ან სრულად წაგებული დარჩეს. შესაბამისად, ის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, განხილვას იმსახურებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში დამყარდეს მშვიდობა, დაცული იყოს ქვეყნების უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა.
„ჩვენ როცა ვუყურებთ უკრაინაში რუსეთის აგრესიას, მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი უსაფრთხოების საკითხები, რა გავლენას მოახდენს ომი და ამ ომის შედეგები საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. შემიძლია, გამოვთქვა ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ ეს პროცესი შეიძლება, მართლაც კონკრეტული შეთანხმებით დასრულდეს, თუმცა იქ ძალიან ბევრი პუნქტია, 28- პუნქტიანი შეთავაზებაა. შესაბამისად, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით შეიძლება, უამრავი კითხვა დაისვას, იქ არის იურიდიული საკითხებიც და გარანტიებთან დაკავშირებით, ვინ რა გარანტიას იღებს თავის თავზე, ამ ხელშეკრულებას ვინ მოაწერს ხელს, იქნება ეს მხოლოდ ამერიკა, რუსეთი და უკრაინა, თუ სხვა ქვეყნებიც. იქ საუბარია ვალდებულებებზეც, რომლებიც მესამე მხარემ უნდა აიღოს. მათ შორის ევროკავშირმა და ნატო-მ. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც უფრო მეტ ახსნას და სიცხადეს საჭიროებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვიმედოვნოთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირი თურმე საქმის კურსშიც არ იყო, როდესაც პუნქტები მუშავდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, მათთვის კარგი სიახლე არ არის. ახლა ისინი ცდილობენ, საკუთარი ინტერესებიც გამოაჩინონ ამ შემთხვევაში. ჩვენ გვესმის, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, თუმცა არაერთხელ მოგვისმენია მათი ლიდერების განცხადებები, რომ უკრაინის მხარდაჭერით ასევე საკუთარ უსაფრთხოებას ამაგრებენ. ამიტომ ევროკავშირიც ამ შემთხვევაში საკუთარი უსაფრთხოების პრიზმიდან გამომდინარე აკეთებს იმ განცხადებებს და სთავაზობს იმ პუნქტებს, რომლებიც მათ შესთავაზეს. ეს ცოცხალი პროცესია, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ თითოეული მხარის პოზიციას და ვნახოთ, საბოლოო ჯამში ეს პოზიციები რამდენად იქნება თანხვედრაში, რათა ომი შეწყდეს“, – განაცხადა სამხარაძემ.