ირაკლი ხელაძე – ევროკავშირის გადაწყვეტილებით გაუქმებულ შეხვედრაზე: ეს არის ზუსტად იმ უსამართლო, უპასუხისმგებლო, იმ არაჯანსაღი დამოკიდებულების გაგრძელება, რასაც ჩვენ ვუყურებთ ევროკავშირის მხრიდან

“ეს არის ზუსტად იმ უსამართლო, უპასუხისმგებლო, იმ არაჯანსაღი დამოკიდებულების გაგრძელება, რასაც ჩვენ ვუყურებთ ევროკავშირის მხრიდან”, – ამის შესახებ “დღის ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ზეწოლა განხორციელდეს საქართველოს ხელისუფლებაზე.

„ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, თუ რა არის დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ჯანსაღი, გახსნილი დიალოგისთვის, რომელიც იქნება ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით განხორციელებული. თუმცა სამწუხაროდ, აი, ასეთი ფაქტების გათვალისწინებით ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი გაურბიან ჯანსაღ დიალოგს „ქართულ ოცნებასთან“, ვინაიდან იქ, სადაც ფაქტებზე მიდის საუბარი, სადაც ციფრებზე მიდის საუბარი, სადაც რეალური შეფასება ხდება ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, იმ გადადგმული ნაბიჯების, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შედეგად განახორციელა, მერე უკვე გადადის ასეთ გაუგონარ დამოკიდებულებაში ეს ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები