ნინო თანდილაშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 43-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს 43-ე სხდომა კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სონგდოში გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სხდომაში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მიიღო, რომელიც, მეორე ვადით, ფონდის მმართველი საბჭოს წევრია.
სხდომის ფარგლებში დამტკიცდა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებების მხარდაჭერას.
აღსანიშნავია, რომ ასევე დამტკიცდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ წარდგენილი რეგიონული პროექტიც, რომლის ბენეფიციარიც, რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც იქნება.
პროექტის დაფინანსება, კლიმატის მწვანე ფონდის მხრიდან, 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემცირება, მათ შორის,მყინვარების დნობის გავლენის შეფასება და წყლის რესურსების მდგრადი მართვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სექტორზე ზემოქმედების შემცირებას.
პროექტი ითვალისწინებს კლიმატგონივრული პრაქტიკების დანერგვას ირიგაციისა და დრენაჟის სისტემებში.საქართველოსთვის დასაფინანსებელი კონკრეტული აქტივობები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განისაზღვრება.
„თანამედროვე საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა როგორც აზიის განვითარების ბანკთან, ასევე კლიმატის მწვანე ფონდთან”, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო კლიმატის მწვანე ფონდის ეთიკისა და აუდიტის, ასევე, საქმიანობის ზედამხედველობის კომიტეტების სხდომებში, როგორც ამ კომიტეტების მუდმივმა წევრმა.
კლიმატის მწვანე ფონდი (GreenClimateFund, GCF) წარმოადგენს საერთაშორისო ფინანსურ მექანიზმს, რომელიც 2010 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში შეიქმნა. ფონდის წევრი კონვენციის 197 მხარეა; მისი მიზანია განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებების მხარდაჭერა.
