დოროთე ყურაშვილი: არ ვცოდავ, ცოდვილი ვარ, მაგრამ კონკრეტული ცოდვები არ მაქვს, რომ ეს დავაშავე და ქრისტეს ეწყინა – არ ვაკეთებ ეგეთ რაღაცებს
,,ვიღაცას გაუკეთებია კომენტარი, წავიკითხე, ახლა, ამხელა პრობლემა რომ გაქვს მამაო, ახლა მაინც თქვიო “უფალო შემიწყალენ”, ჰოდა, ახლაც არ ვამბობ. ახლა, მე რასაც ვაკეთებ, ღმერთო შემეწიე-მეთქი, არ ვამბობ, რატომ იცით? მე ვიცი, რომ ამას ქრისტე აკეთებს ჩემი ხელით, ქრისტე მაკეთებინებს, ვიცი და რასაც ქრისტე მაკეთებინებს, როგორ ვუთხრა დამეხმარეო? ის მაკეთებინებს”, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.
მისი თქმით, შენდობის ლოცვასაც არ ამბობს, რადგან, არ ცოდავს.
„ლოცვა არის სამგვარი: თხოვნითი, მადლიერებითი და დიდებისმეტყველებითი. თხოვნა არის, უფალო შემიწყალე, შემეწიე და ეს მომეცი, ის მომეცი – ეს ლოცვა არ მაქვს. შემინდეც არ მაქვს, იმიტომ, რომ არ ვცოდავ. მე მაქვს ლოცვა, რომელიც არის შემეცნებითი, სადაც არის კითხვა. ფსალმუნსაც რომ ვკითხულობ, შემეცნებით ვკითხულობ. დავჯდები და ამ დავითის ფსალმუნები ზეპირად ვიცი, შინაარსს ვკითხულობ და რატომ, იმიტომ, რომ ქრისტემ თქვა: “შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ.” ერთმა დამიწერა დღეს, რომ იესოს ლოცვას როგორ არ ლოცულობ, “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი” – ამისი ეშინია ეშმაკსო და მე დავუწერე, ეშმაკს არ ეშინია ლოცვის, ილოცე რამდენიც გინდა, არც ერთი ლოცვის არ ეშინია. ეშმაკს ეშინია, რომ შენ ქრისტე არ შეიცნო. ლოცვა კი არა, ქრისტე გააცანით და ის ჩამოწერილი ლოცვები მერე ვასწავლოთ მრევლს,“ – აღნიშნა დოროთე ყურაშვილმა.
წამყვანის რეპლიკაზე არქიმანდრიტის მიმართ, რომ “ცხადია, ლიტურგიულად ყველა წესს ასრულებთ, ამას ახსნა-განმარტება არ სჭირდება, თქვენ მიერ ნათქვამი რომ “არ ვცოდავ”, ესეც იგულისხმება, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია”, დოროთე ყურაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: “ცოდვილია, მაგრამ არ ვცოდავ. არა, მე არ ვცოდავ. მღვდელს არც შეუძლია თქმა, რომ მე საშინელი ცოდვილი ვარ.”
თავის მხრივ, თარგამაძემ განაცხადა, რომ ეს დამაზუსტებელი კითხვა იმიტომ დასვა, რომ ზუსტად იცის, “რის მოჭრას დააპირებენ”, რაზეც არქიმანდრიტმა განაცხადა: “ყველა კაცი ცოდვილია, არ ნიშნავს, ყველა კაცი რომ ცოდავს, ანუ, არიან ადამიანები, რომლებიც არ ცოდავენ, ცოდვას არ ჩადიან, თუმცა, ყველა ცოდვილია, ყველა მცდარია, მეც ცოდვილი ვარ, მაგრამ კონკრეტული ცოდვები არ მაქვს, რომ აი, ეს დავაშავე და ქრისტეს ეწყინა – არ ვაკეთებ ეგეთ რაღაცებს.”