დავით ქართველიშვილი – ოპოზიციაზე: აქვთ აკვიატებული იდეაფიქსი – მიაღწიონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, მიიყვანონ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ხელისუფლება დაადანაშაულონ ევროინტეგრაციის ღალატში
„რადიკალური ოპოზიციის გუშინდელი საპროტესტო აქცია პოლიტიკური კრიზისის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია,” – ამის შესახებ მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას აქვს აკვიატებული იდეაფიქსი, ყველა ხერხის გამოყენებით მიაღწიონ ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, რადგან თვლიან, რომ სწორედ ამ გზით შეძლებენ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ და ხელისუფლება დაადანაშაულონ ევროინტეგრაციის ღალატში.
„რადიკალური ოპოზიციის გუშინდელი საპროტესტო აქცია პოლიტიკური კრიზისის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. არ გააჩნიათ გეგმა, ამოცანა, მიზანი. ვფიქრობ, ჩიხში არიან შესულები და არ იციან რა გააკეთონ იმის გარდა, რასაც აგერ უკვე 327-ე დღეა აკეთებენ. ჩანს, რომ ცდილობენ დააგროვონ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომ ამ არითმეტიკით და ვითომდა სერიოზული მასშტაბურობით წარდგნენ ევროპარლამენტის შემდგომ სხდომაზე და მათ მიაღებინონ კიდევ ერთი ანტიქართული რეზოლუცია, სადაც ჩაიწერება, რომ საქართველოში რეალურად დემოკრატიის უკუსვლაა და ე.წ პოლიტპატიმრების რაოდენობით ქვეყანა უსწრებს ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ამ ყველაფრის უკან კი დგას აკვიატებული იდეაფიქსი მიაღწიონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, რომელშიც ხედავენ პანაცეას და მორიგ გამოსავალს – საქართველო სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ და ხელისუფლება დაადანაშაულონ ევროინტეგრაციის ღალატში და ა.შ. არ გამოვა ეს ამბავი, ამას მიხვდნენ უკვე ევროკომისიის დონეზეც. კალკულატორზე გამოყვანილი ციფრები უკანასკნელ მინისტერიალზე ჰქონდათ, სადაც რადიკალების ლობიზმის მთავარი დედოფალი კაია კალასი ვერ მალავდა იმედგაცრუებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მიაღწია ევროკომისიის დონეზე შედეგს – საქართველოსთვის შეეწყვიტათ ვიზალიბერალიზაცია,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.