26 ოქტომბერს დაიბადა ავტორი ლექსისა: „მე პატარა ქართველი ვარ“
26 ოქტომბერი ქართველი მწერლის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, დუტუ მეგრელის (ხოშტარია) (1867-1938) დაბადების დღეა.
დაიბადა აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძობს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში იურიდიული განხრით.
დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1888 წელს სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ „თეატრში“’; 1891 წელს ქუთაისის კრებულმა „ცდამ“ დუტუ მეგრელის ხელმოწერით დაბეჭდა „შვილი და დედა“ (ამბავი). მალე მწერალმა, ახალი ლექსებისა და მოთხრობების პარალელურად, გამოაქვეყნა პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები. შექმნა დრამატული პოემები და პიესები. 1892 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი სურათები ჩვენი ცხოვრებიდან, ხოლო 1893 წელს – მისი ლექსების კრებული „ცრემლები“, რომელიც სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებრიობამ გულთბილად მიიღო. მისი პოპულარული ლექსი „მე პატარა ქართველი ვარ“ (1902) და მოთხრობა „ქინაქინა“ შესულია ი. გოგებაშვილის „დედაენაში“ და „ბუნების კარში“.
1968 წლის 18 აპრილს დუტუ მეგრელი მის მეუღლესთან, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიასთან ერთად, ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.