„მუსიკალური ბათუმი ათენში“ – ქართული კლასიკური მუსიკის გალა საღამო „მარია კალასის“ თეატრში
საბერძნეთში, „მარია კალასის“ სახელობის ისტორიულ თეატრში გაიმართა ქართული გალა კონცერტი – ,,მუსიკალური ბათუმი ათენში“.
აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით, და სოლისტებმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრები ააჟღერეს.
ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამო ანშლაგით დასრულდა.
გალა კონცერტი მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ბერძენის, დიდი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას. პროექტი განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის ,,ოპანდა” მხარდაჭერით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი – ელისო ბოლქვაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში – ლევან ბერიძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე – ირმა აბულაძე, ათენის მერიის გენერალური მდივანი, ვასილის ბოკოსი და მოწვეული სტუმრები.