გლდანი–ნაძალადევის გამგეობაში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინეს

   თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის საქმიანობის ფინანსური შემოწმების შედეგები წარმოადგინა. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ ჩატარებული შემოწმებისას, გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობაში ფინანსური დარღვევები გამოვლინდა. კვლევის პერიოდი 2012 წელს მოიცავს. შემოწმების შედეგები გადაეგზავნება სამართალდამცავ უწყებებს რეაგირებისთვის.
შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2012 წელს გამგეობამ ბინის ქირის სახით 83 მოქალაქეზე გადაიხადა 152 970 ლარის კომპენსაცია. ეს თანხა გამოყოფილი იყო დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა, საკრებულოს ინფორმაციით, 43 მოქალაქეზე გაცემული 82 470 ლარის კომპენსაცია კანონთან შესაბამისობაში არ არის.
გამგეობის თანხებიდან, სპორტული მოედნების კოორდინატორების წახალისებისთვის გახარჯულია 31 500 ლარი, თუმცა, როგორც საკრებულო განმარტავს, სპორტული მოედნების კოორდინატორებთან არ არის გაფორმებული ხელშეკრულებები, შესაბამისად, კოორდინატორებს რაიმე ვალდებულებები არ უფიქსირდებათ. საკრებულოს ინფორმაციის თანახმად, გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ვაკე–საბურთალოს რაიონში, სადარბაზოებში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟებისთვის ხელშეკრულებები გაფორმებულია მხოლოდ ერთ მომსახურე ორგანიზაციასთან, შპს „თბილისი გრუპთან“.
ასევე, გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამით მონაწილეობის ფარგლებში, სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზედმეტად იქნა გადახდილი 3632.17 ლარი.
დარღვევევები აღმოჩენილია ლიფტების რეაბილიტაციის საქმეშიც. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში ლიფტების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, თბილისის მერიამ 2009 წელს გააფორმა მრავალწლიანი ხელშეკრულება შპს „იავირთან“, და ეს ხელშეკრულება მოიცავდა 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. ხელშეკრულება 2012 წლისათვის გადაეცათ მესამე პირებს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და, მათ შორის, გლდანი–ნაძალადევის რაიონს. პროგრამის შესასრულებლად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან სახსრების მოსაზიდად, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, პაპუნა პეტრიაშვილის მიერ 2012 წლის 6 თებერვალს დაშვებული იქნა ნებართვა, ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უპროცენტო სესხის გაცემაზე. ამ გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო სახსრების სესხად გაცემის შემთხვევაში, უკონტროლოდ რჩებოდა ამ სახსრების ადგილობრივ ბიუჯეტში დაბრუნების საკითხი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2012 წლის თებერვალში თბილისის რაიონების გამგეობები დაიშალა უფრო მრავალ ერთეულებად და სესხების დაბრუნებაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ფაქტობრივად აღარ რჩებოდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნულ სესხებზე კონტროლი რომ არ არის განხორციელებული, მათი განცხადებით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გლდანი–ნაძალადების რიაონის გამგეობის მიერ 2012 წელს ზემოთ ხსენებული პროგრამის ფარგლებში, 72 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაზე სესხის სახით 4 წლის ვადით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემული დავალიანების ნაცვლად, დაიფარა მხოლოდ 10 655 ლარი, ანუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებმა პირველ წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 86 266 ლარით ნაკლები შეიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები