დარეჯან ლიპარტელიანი – ISFED-ის პუბლიკაციაზე: ვინმემ მოიტანეთ სარეკლამო ინფორმაცია ოპოზიციიდან, არ დაგიდეთ ხელშეკრულება და არ ვითანამშრომლე? ამის გამო ვინმე მოღალატედ ვერ შემრაცხავდა, რადგანაც ეს მხოლოდ სამუშაო პროცესია

ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი, დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება.

უფრო ზუსტად, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემა, სულ მცირე, 25 საინფორმაციო სააგენტოსგან შედგება, რომელთა შორისაც “ექსკლუზივ ნიუსიც” არის.

“ამ ცხრილს რომ გადავხედე, ცოტა კი შემეცოდა ჩემი თავი, 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ჩემნაირი აქტიური საინფორმაციო სააგენტოსთვის რომ მხოლოდ 82 000 ლარი ჩაურიცხავს მმართველ პარტიას, აღიარეთ გულახდილად, ცოტა ხომ ტეხავს, რომ მჩაგრავდით ჩემო ძმებო?!
ეს, ცხადია, ხუმრობით, სინამდვილეში კი, მადლობა უფალს ყველაფრისთვის და საოცარია, რა დაინახეს აქ უკანონო, მართლა ვერ ვიგებ. ოფიციალური ხელშეკრულებაა დადებული ორ მხარეს შორის, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, კეთილსინდისიერად ვასრულებთ და რა არის აქ უკანონო, ვინმემ მითხრას, სად დააშავა მმართველმა პარტიამ და სად დააშავეს მედია საშუალებებმა?!……. მე ამ სააგენტოში ვშრომობ, ჩემს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად და ინფორმაციას ვაწვდი საზოგადოებას, ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს და მევალება… ვინმემ მოიტანეთ სარეკლამო ინფორმაცია ოპოზიციიდან და არ დაგიდეთ ხელშეკრულება და არ ვითანამშრომლე? ამის გამო ვინმე მოღალატედ ვერ შემრაცხავდა, რადგანაც ეს მხოლოდ სამუშაო პროცესია და სხვა მეტი არაფერი… ანდა, რას ნიშნავს, მარტო “ქართულ ოცნებას” აპიარებენ ეს სააგენტოებიო… მე სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ, გარდა “ქართული ოცნებისა”, სხვა უამრავი ოპოზიციური პარტიისა და მათ ფრთებქვეშ, მყუდროდ და თბილად მოკალათებული, მათმიერვე დაფინანსებული მედია საშუალებებიდანაც გაგვივრცელებია და გავავრცელებთ, განსხვავებული აზრის ინფორმაციებს. თუ გინდათ გაგება და დანახვა, გაიგებთ, თუარადა, მართლა რომ დაგეფსოთ და დაგეხუჭოთ, ეგ ცივი და გაყინული, ბოროტი თვალები. აი, ესეც თქვენ, მაინც გამომტყუეთ…
აი, ამ ცხრილში განთავსებულ რამდენიმე სააგენტოს ხელმძღვანელს, ჩემს უახლოეს მეგობრებს გულით მივმართავ, – გოგოებო და ბიჭებო, არაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ, თავაწეულებმა და წელში გამართულებმა იარეთ ამ ქალაქში, მხნედ და მთელი გულით, აკეთეთ თქვენი საქმე, მუდამ გიჭრიდეთ გონება და კალამი, არასდროს დაგიჩლუნგდეთ, ამ სულელური სტატიის შინაარსი კი, კი იცით სადაც უნდა დაიკიდოთ.
ქვეყანას კი, ამ დამპალი მატლებისგან, – ნაცებისგან გათავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ!”, – წერს ლიპარტელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები