ზაქარია წიკლაური – FARA-ს ფარგლებში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე: ეს არის ჩვენი რადიკალების „ნოუ ჰაუ” – მილიონებს იხდიან იმაში, რომ ქვეყანა დააზიანონ და ძირი გამოუთხარონ
“ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ მათ მოახერხეს ახალგაზრდების აყოლიება, ბევრი მათგანი დაკავებულია, მათ ცხოვრება დაუნგრიეს და თავად ისევ დასავლეთიდან ჩარიცხული ფულებით აგრძელებენ ქვეყნის იმიჯის რყევას შინ თუ გარეთ,” – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური FARA-ს ფარგლებში გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას, რომლის თანახმად „ნაციონალურმა მოძრაობამ” ამერიკაში 360 000 დოლარად ლობისტური კომპანია დაიქირავა.
დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ზოგადად ლობისტური კომპანიის დაქირავება გასაკვირი არ არის და მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ქართველი რადიკალები ლობისტებს იმისთვის ქირაობენ, რომ საკუთარ ქვეყანას ძირი გამოუთხარონ.
„ლობისტური კომპანიის დაქირავება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, თუმცა ასეთი ლობიზმი ყოველთვის დამქირავებელი მხარის ქვეყნის სასიკეთო საქმეს ხმარდება. ხოლო ის რაც ჩვენთან ხდება, არის რადიკალების „ნოუ ჰაუ” – მილიონებს იხდიან იმაში, რომ ქვეყანა დააზიანონ და ძირი გამოუთხარონ. ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის ჯო უილსონის შეკვეთილი სტატიებიც ხომ ამის ნათელი მაგალითია.
როდესაც „ხალხის ძალამ” გამჭვირვალობის კანონი დააინიიცირა, მაშინ მე უკვე ბატონ სოზართან ვმუშაობდი და ჩემი თვალით ვუყურებდი აბსოლუტურად სახედაკარგულ პოლიტიკოსებს პარლამენტში, ტელევიზიების არქივი ინახავს იმ ცემა-ტყეპის კადრებს, რაც პარლამენტში, შარტავას დარბაზში ხდებოდა – შოკის მომგვრელი იყო დეპუტატი ქალბატონების ბილწსიტყვაობა და საშინელი აგრესია და როგორც დრომ აჩვენა, მთელი ამ ბაკქანალიის მიზეზი იყო ფული. ბევრი მათგანი სწორედ ამ ენჯეოებიდანაც იღებდა შემოსავალს, რომელიც ე. წ. მდიდარ ენჯეობს ერიცხებოდათ. ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ მათ მოახერხეს ახალგაზრდების აყოლიება, ბევრი მათგანი დაკავებულია, მათ ცხოვრება დაუნგრიეს და თავად ისევ დასავლეთიდან ჩარიცხული ფულებით აგრძელებენ ქვეყნის იმიჯის რყევას შინ თუ გარეთ,” – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.