თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული 7 პირის, მათ შორის, გიორგი კანდელაკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული 7 პირის, მათ შორის, ყოფილი მოკრივის, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკის და გორის საკრებულოს წევრის, ბორის გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა შვიდივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახეობის, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმება.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები