2026-2029 წლებში თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოება იგეგმება

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისში დაგეგმილია ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი პროგრამის, ასევე სოციალური პროგრამების გაფართოება.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით 2026-2029 წლებში განსახორციელებელი პროგრამების პრეზენტაციისას განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არსებულ პროგრამებში მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.

„დაავადებათა სკრინინგის” პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი იყენებს და ადრეულ პერიოდში ვლინდება ძალიან ბევრი მძიმე დაავადება. ამ პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ დამატებითი თანამედროვე კვლევის მეთოდების ჩართვას იმისთვის, რომ დიაგნოზის დასმის სიზუსტის ეფექტიანობა ამაღლდეს.

ამასთანავე, “გაფანტული სკლეროზის მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების” პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად, ვგეგმავთ ახალი მედიკამენტების შემოღებას, რომლებიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნულ პროგრამას.

გარდა ამისა, თანამედროვე სტანდარტის მიხედვით, გაფართოვდება “ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების” პროგრამაც”, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

რაც შეეხება “ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების” პროგრამას, მერის მოადგილის თქმით, არის მზადყოფნა, რომ დაემატოს მულტიდისციპლინური გუნდი და, საჭიროების მიხედვით, დედაქალაქში აღნიშნული მიმართულება სრულად დაიფაროს.

„რამდენიმე წელია მოქმედებს ძალიან მნიშვნელოვანი “ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების” პროგრამა. ბევრი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი და იგეგმება ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე ონკოჰემატოლოგიური დაავადებების ჩამონათვალის გაფართოება, რაც მისცემს ადამიანებს შესაძლებლობას ჩაიტარონ ღვიძლისა თუ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია”, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ამასთანავე, მისი თქმით, “რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების” პროგრამას, საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად დამტკიცებული ახალი მედიკამენტები დაემატება იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს ეს პროგრამა.

„ძალიან აქტიურად ვუყურებთ სოციალურ პროგრამებს, თუ სად არის ცვლილების საჭიროება და, პირველ რიგში, ეს ცვლილება შეეხება ძალიან პოპულარულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება ხორციელდება. ვგეგმავთ, რომ საკურორტო ვაუჩერების ღირებულება გაიზარდოს იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს აღნიშნული ოჯახებისთვის. მომდევნო წლებში, მინიმუმ, 12-13 ათასი ოჯახი ისარგებლებს ამ მომსახურებით”, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ გაიზარდა 100 წელს მიღწეული მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების ოდენობა. ამ პროგრამით თბილისელები 10-ჯერ გაზრდილ ბენეფიტს – 10 000 ლარს იღებენ.

ასევე იგეგმება “სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების” ერთჯერადი ვაუჩერის პროგრამის გაზრდა, “სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების” პროგრამის ვაუჩერის გაზრდა, აგრეთვე გაფართოვდება “მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის” პროგრამა, რაც მათ უკეთ ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს და ხელს შეუწყობს განათლებისა და დასაქმების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები