მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ კომფორტული და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოს უზრუნველსაყოფად
„ჩვენი მხრიდან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, ისე როგორც ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია, ყველა ინსტრუმენტი ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ კომფორტული და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო, გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, დავეხმაროთ საერთაშორისო და შიდა ინვესტორებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ახალი დასაქმების ადგილები შეიქმნას,” – განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე. მისი თქმით, ზესტაფონში კომპანია „ჯორჯიან მეტალის” ახლად გახსნილ მეტალურგიულ საწარმოში 80 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 400 -ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საწარმოში სამშენებლო მასალების წარმადობა წელიწადში 400,000-ზე მეტი იქნება, რაც არის ზუსტად ის მოცულობა, რითაც შემცირდება იმპორტის საჭიროება.
„ჩვენი ამოცანაა გავაძლიეროთ თითოეული სექტორი, ამ სექტორში შესაძლებლობა იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რესურსი – რა შეგვიძლია, მეტად განვავითაროთ და რა არის ის საჭიროება, რაც დაგვრჩება იმპორტისთვის,” – აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსხვილ საინვესტიციო პროექტზე, რომელსაც საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერი კომპანიის – Emaar Properties დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის კომპანია Eagle Hills-ი განახორციელებს.
„ეს არის ისტორიული სიდიდის პროექტი. ჩვენ ვსაუბრობთ ორ უმსხვილეს პროექტზე გონიოსა და თბილისში, კრწანისის ტერიტორიაზე, სადაც 5,000-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. ეს იქნება უდიდესი მულტიფუნქციური ორი კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს განთავსების ობიექტებს და სხვა კომერციულ სივრცეებს,” – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი დიდი სტიმულია სხვა ინვესტორებისთვისაც. „ამ პროექტმა განსაკუთრებით, ყურის ქვეყნებში გააძლიერა ჩვენი ქვეყნისადმი ნდობა. ნდობა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილური საინვესტიციო გარემო, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის მხოლოდ პოზიტიური. ასეთი მსხვილი ინვესტორის შემოსვლამ, ამ მოცულობის თანხით, გამოიწვია მსხვილი ინვესტორების დაინტერესება არა მხოლოდ სპარსეთის ყურის, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც,” – აღნიშნა მინისტრმა.