“დღევანდელი დღე არის მაგალითი, რომ სახელმწიფო არის ძლიერი და ის საქმეები, რომლებიც სუს-ის მიერ იქნა გახსნილი, არის სახელმწიფო მნიშვნელობის სხვადასხვა მიმართულებით” – იონათამიშვილი

“დღევანდელი დღე არის მაგალითი, რომ სახელმწიფო არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და ის საქმეები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნა გახსნილი არის სახელმწიფო მნიშვნელობის სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისთვის, ვისაც აქვს იმის მცდელობა, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს ნგრევა, ქაოსი განუკითხაობა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

ის სუს-ის მიერ განხორციელებულ დაკავებებსა და ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

„დღევანდელი დღე არის პასუხი ამ მცდელობებზე, რომ საქართველოს ღირსებას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუქმნის საფრთხეს. მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ საქმეებზე მუშაობდა. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მიმართულებით გახსნილი საქმეები, იქნება ეს კორუფციის თვალსაზრისით და აქ რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფო არის უკომპრომისო. იქნება ეს ანტიტერორისტული მიმართულებით და ჩვენ ვნახეთ, რომ ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერებები, საკმაოდ დიდი ოდენობის იყო დაკავებული, რომელმაც რამდენიმე ქვეყნის საზღვარი გაიარა. აქ ფიგურირებს უკრაინაც და უკრაინის მოქალაქეები არიან დაკავებულები და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ მომავალშიც არავის არ ჰქონდეს იგივე მცდელობა, რომ საქართველო ტერორისტული საქმიანობის პოლიგონად აქციოს. ამიტომ ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმე. ასევე, ვნახეთ „ანიტას“ მრევლის საქმეც, სადაც პირდაპირ საჯარო სივრცეში იყო მოწოდება ქრთამის მიცემასთან დაკავშირებით და ეს ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით.

ერთობლიობაში, რომ ავიღოთ ეს მიმართულებები სწორედაც, რომ არის გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის. სწორედ ამ დაპირებით მოვიდა მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პოზიციაზე და ვხედავთ, რომ სულ ორი კვირა არის გასული და კონკრეტული შედეგები დაიდო ამ მიმართულებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სუს-ში რამდენიმე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა საიდანაც გახდა ცნობილი დაკავებების და ანტიტერორისტული სპეცოპერაციის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები