“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – შესაბამის განცხადებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებთ.
უწყების ცნობით, გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე – სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც, თავის მხრივ, კანონით დასჯადი ქმედებაა”, – წერია განცხადებაში.