“ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, უღალატებს სამშობლოს და გუნდს, ბუნებრივია, მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნება” – მათიკაშვილი
“ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, უღალატებს სამშობლოს და გუნდს, ბუნებრივია, მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნება – ჩვენ გვარებზე და სახელებზე არ ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით”, – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს. არ ვიცი, ჯაფარიძეს წამოსცდა, ქვეცნობიერმა უღალატა თუ რა ქნა, მაგრამ ზუსტად ამაზე ისაუბრა. ეს იმდენად ამაზრზენია, საერთოდ არც მინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, უღალატებს სამშობლოს, გუნდს და იქნება თან დანაშაულის ჩამდენი, ბუნებრივია, მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნება.
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ გვარებზე და სახელებზე არ ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. არ არის აქ კონკრეტულ იდენტიფიცირებულ ადამიანებზე საუბარი, თუმცა ფაქტი იმისა, რომ აქედან გაგდებული პირები გარკვეული ფორმით ცდილობდნენ, რადიკალიზმი წაეხალისებინათ და დაეფინანსებინათ კიდეც, არის სახეზე,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.