გივი მიქანაძემ გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში, დიდიე ტღებიუკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების რეფორმას, რომლის კონცეფციასაც უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზოგადოებას წარუდგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია განათლების ხარისხის ზრდა და სტუდენტებისთვის, თავიანთი შესაძლებლობების რეალიზების მიზნით, კიდევ უფრო ფართო ასპარეზის შექმნა.
შეხვედრისას მხარეებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ისევე, როგორც პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
თავის მხრივ, გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების კუთხით სამინისტროს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ნილს კრისტენსენი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის დონორებთან ურთიერთობის კოორდინატორი დავით მუშკუდიანი და გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე.