ირაკლი კობახიძე: რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ სამართლის აღსრულება მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ვერ იქნება მუდმივად პასიურ რეჟიმში და აუცილებელია რეაგირება ჩადენილ დანაშაულებზე
“დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი, 1000-მდე ადამიანიდან. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება.
„სასიამოვნო არ არის არცერთი ადამიანის დაკავება, მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანის და ა.შ. ამაზე ყველა ვთანხმდებით, ცალსახად ასეა. მაგრამ მე გეტყვით, რა არის მთავარი პრობლემა, თქვენ გახსოვთ, 2023 წელს იყო უმძიმესი პროცესები, რევოლუციის მცდელობა, ლამის გადაწვეს თბილისი, გახსოვთ, რა ხდებოდა ცენტრალურ უბნებში. მხოლოდ ერთი ადამიანი იყო მაშინ დაკავებული და ისიც შეწყალებით გაათავისუფლა სალომე ზურაბიშვილმა. შედეგად მივიღეთ რა, რომ გაჩნდა დაუსჯელობის განცდა. ზუსტად იგივე განმეორდა ერთი წლის თავზე, 2024 წლის გაზაფხულზე. იქ დაპატიმრებული იყო მგონი 6 ადამიანი, იქიდანაც ერთი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, დანარჩენზე მიმდინარეობდა გამოძიება. ამანაც კიდევ ერთხელ გააჩინა დაუსჯელობის განცდა, ამიტომ, ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში მივიღეთ კიდევ ერთი მცდელობა. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ შეუძლიათ ქალაქი გადაწვან, პარლამენტს ცეცხლი წაუკიდონ, პოლიციელს აგინო, აფურთხო, ქვები ესროლო, თვალის ჩინი დააკარგვინო და ა.შ. და შედეგს იღებ ნულს, რა თქმა უნდა, ეს ახალისებს დანაშაულს. მარტივი ლოგიკაა, დანაშაული არ ისჯება და ხდება მისი წახალისება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ იქნება მუდმივად პასიურ რეჟიმში და აუცილებელია რეაგირება ჩადენილ დანაშაულებზე. მართალია, დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის, რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო. თავიდან, შეგახსენებთ, თუ რამდენად მაღალი სტანდარტია. ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობაში სხვადასხვა დღეს, რეგულარულად 500 კაცი მაინც ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში 5 დღის განმავლობაში, ჯამში იქნებოდა 1000-მდე ადამიანი უშუალოდ ძალადობაში ჩართული. დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი, 1000-მდე ადამიანიდან. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში. თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება. ამის შედეგია, რომ 1000-დან 30 ადამიანია, დაახლოებით, დაკავებული. რეალურად, 3%-იან მაჩვენებელზეა საუბარი, როდესაც 1000-მდე ადამიანი ძალადობდა. სტანდარტი არის მაღალი და ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი პროცესები, მაგრამ დაუსჯელობის განცდას ჩვენ ვერ დავტოვებთ ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.