ბარაკ ობამამ 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ბრალდებები უარყო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდებები 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით უარყო,- შესაბამისი განცხადება მისმა სპიკერმა, პატრიკ როდენბუშმა გააკეთა.
„პრეზიდენტის ოფისის პატივისცემიდან გამომდინარე, ჩვენი ოფისი, როგორც წესი, არ პასუხობს თეთრი სახლიდან გამომავალ დეზინფორმაციას, მაგრამ ეს განცხადებები მეტისმეტად აღმაშფოთებელია. ეს უცნაური ბრალდებები სასაცილო და სუსტი მცდელობაა ყურადღების გადატანისა. არაფერი გასულ კვირას გამოქვეყნებულ დოკუმენტში არ უარყოფს ფართოდ აღიარებულ დასკვნას, რომ რუსეთმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად იმუშავა, მაგრამ ხმებზე მანიპულირება წარმატებით ვერ განახორციელა“, – განაცხადა ობამას სპიკერმა.
მისივე თქმით, ეს დასკვნები დადასტურდა სენატის ორპარტიული სადაზვერვო კომიტეტის 2020 წლის მოხსენებაშიც, რომელსაც მაშინდელი თავმჯდომარე, ახლა კი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობდა.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი, ტულსი გაბარდი ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. მან გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც, მისივე მტკიცებით, ცხადყოფს, რომ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა „შექმნეს და პოლიტიზება გაუკეთეს სადაზვერვო ინფორმაციას“, რათა შეექმნათ ნარატივი, თითქოს რუსეთი ცდილობდა გავლენის მოხდენას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო სამსახურების ინფორმაცია საპირისპიროს ამტკიცებდა.