პაპუაშვილი – ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრაზე: აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გამორჩეულად წარმატებულია და ხანგრძლივ თანამშრომლობასა და მეგობრობას ეფუძნება

“შევხვდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს.

შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გამორჩეულად წარმატებულია და ხანგრძლივ თანამშრომლობასა და მეგობრობას ეფუძნება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მიერ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერას.

“დადებითად შევაფასეთ ორმხრივი ვიზიტების დინამიკა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მესამედ სტუმრობს პარლამენტს, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა პირველი ოფიციალური ვიზიტები აზერბაიჯანში განახორციელეს, რაც ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ მეგობრობას ადასტურებს.

განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ყურადღება გავამახვილე ნაყოფიერ საპარლამენტო კავშირებზე.

აღვნიშნეთ შუა დერეფნის მზარდი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა, სტრატეგიული სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების დიდი პოტენციალი.

განვიხილეთ სამხრეთ კავკასიასა და ფართო რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ვისაუბრეთ სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ხაზი გავუსვით რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობას”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები