სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ცაგერში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ცაგერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრა სოფელ წიფერჩში, ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერის ნაკვეთზე გაიმართა, სადაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გადაცემული სათესლე მასალით ხორბლის ადგილობრივი ენდემური სახეობები და ტრადიციული ჯიშები მოჰყავთ.
„ტრადიციული ჯიშების დაბრუნება წარმოშობის რეგიონებში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების გზაზე. ჩვენი მიზანია, მოძიებულმა და აღდგენილმა გენეტიკურმა რესურსებმა ფერმერთა ხელში გააგრძელოს სიცოცხლე და მოხდეს მათი გამოყენება, გამრავლება და შენარჩუნება“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
სადემონსტრაციო ნაკვეთზე გაშენებულია 88 ნიმუშისგან შემდგარი ხორბლის კოლექცია, რომელშიც შედის როგორც საქართველოში მოძიებული 24 ადგილობრივი ნიმუში, ასევე გერმანიის გატერსლებენის გენბანკიდან დაბრუნებული 64 გენეტიკური ნიმუში.
„წარმოდგენილი ხორბლის სახეობები და ჯიშები თითქმის გაქრა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. მათი გენეტიკური მასალა წლების განმავლობაში ინახებოდა უცხოურ გენბანკებში. დღეს ისინი დაუბრუნდნენ იმ მიწას, სადაც ოდესღაც გაჩნდა და გავრცელდა ეს კულტურა“, – განაცხადა ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა და პროექტის მენეჯერმა თამარ ჯინჯიხაძემ.
ტრადიციული ჯიშების დაბრუნება ხორციელდება FAO-ს პროექტის – „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში – in situ და ex situ კონსერვაციის ფორმებს შორის კავშირის გაძლიერება“ – ფარგლებში.