ირაკლი ბენდელიანი: ბოლო წლებში თბილისში სამი ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი ახალი საავტომობილო ხიდი და ორი ახალი გვირაბი აშენდა
ბოლო წლების განმავლობაში თბილისში, სამი ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი ახალი საავტომობილო ხიდი, ორი ახალი გვირაბი აშენდა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ბოლო წლებში დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში გავაკეთეთ, არის უნივერსიტეტი – ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობდა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ჯამურად, ბოლო წლების განმავლობაში აშენდა სამი ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი ახალი საავტომობილო ხიდი, ორი ახალი გვირაბი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისივე თქმით, გარდა ახალი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობისა, აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
„პირველი, ეს იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია; გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მდინარე გლდანულაზე არსებულ ხიდს; აშენდა ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარი; განხორციელდა კახეთის გზატკეცილის მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებული გზაგამტარის სრული რეაბილიტაცია; კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე მოვაწყვეთ ახალი ესტაკადა; ესტაკადა გაკეთდა გელოვანის გამზირზეც“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირის ბოლომდე დაგეგმილია ორთაჭალჰესის მიმდებარედ არსებული ხიდის რეაბილიტაცია.
ამასთან, მერის მოადგილის განცხადებით, ქალაქში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, ასევე, წარმოადგენს წყალმომარაგების, წყალარინების და სანიაღვრე ქსელების არარსებობა და ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებითაც არაერთი სამუშაო ჩატარდა.
„მაგალითისთვის, კაიროს მთლიან დასახლებაში მოეწყო წყლისა და წყალარინების სისტემა, ასევე, სანიაღვრე ქსელები; ივერთუბნის დასახლებაში, პირველ ეტაპზე, განვახორციელეთ წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა, შემდეგ კი დასახლების 32 ქუჩა დაიქსელა მიწისქვეშა კომუნიკაციებით და დღეის მდგომარეობით ამ ინფრასტრუქტურით 1 000-მდე ოჯახის სარგებლობს“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.