კაია კალასი: ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა – მზად ვარ, მხარი დავუჭირო დეესკალაციისკენ მიმართულ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას
,,ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია”, – ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ზე წერს.
მისი თქმით, დეესკალაციისთვის საუკეთესო გზა დიპლომატიაა.
„დიპლომატია კვლავ საუკეთესო გზად რჩება და მზად ვარ, მხარი დავუჭირო დეესკალაციისკენ მიმართულ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას“, – წერს კალასი.
ცნობისთვის, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.