შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის მთავრობას არ ეხება არანაირად რას აპირებს და რას არ აპირებს საქართველოს სახელმწიფო არჩევნებთან დაკავშირებით, რად გვინდოდა მაშინ დამოუკიდებლობა თუ ბრიტანეთის ელჩი უნდა დადგეს და ჭკუა გვასწავლოს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას „ღამის კურიერის“ ეთერში ეხმაურება.

მისი შეფასებით, გაუგებარია მსგავსი დამოკიდებულება, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს.

„ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს ან თუნდაც ბრიტანეთს საქართველოს არჩევნებს?! რომელი საერთაშორისო ნორმა განსაზღვრავს, რომ დიდი ბრიტანეთის რამე პროტექტორატი ვართ ჩვენ და რაიმენაირად აქვს ჩვენზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აღებული?! რომელ საერთაშორისო ნორმაში ამოიკითხეს?! სად არის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობის პატივისცემა?! ის ყველაფერი, რაზეც ვიბრძოდით და რაზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის ცივილიზებული დასავლეთი, ახლა რომ მივიღეთ სინამდვილეში ველური დასავლეთი, ეს სად არის?! ჩვენ რეკლამაში გვაჩვენებენ ცივილიზებულ დასავლეთს და პრაქტიკაში მივიღეთ ველური დასავლეთი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, საელჩოს იმ განცხადებასაც პასუხობს, სადაც საუბარია, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია.

„ბრიტანეთის მთავრობას არ ეხება არანაირად, რას აპირებს და რას არ აპირებს საქართველოს სახელმწიფო არჩევნებთან დაკავშირებით. რად გვინდოდა მაშინ ეს დამოუკიდებლობა, თუკი ახლა ბრიტანეთის ელჩი უნდა დადგეს და ჩვენ ჭკუა გვასწავლოს არჩევნები როგორ ჩავატაროთ. თუ ამის უნარიც არ გვაქვს, მაშინ რაღად გვინდა ეს დამოუკიდებლობა?! ჩაგვიტარებდნენ ბრიტანელები არჩევნებს, გერმანელები სასამართლოს გადაგვიწყვეტდნენ და ა.შ.“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები