„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ვალერი შოშიაშვილი: 2006 წელს მივედით ფინანსურ პოლიციაში, პირდაპირ კომუნიკაციაზე გამოვიდა ირაკლი კირკიტაძე, რომელმაც თქვა, რომ კონტეინერი ვერ გავიდოდა და ვერ შემოვიდოდა, თუ თითოეულზე არ იქნებოდა 1 500 დოლარი გადახდილი, მან იქვე დააკონკრეტა, რომ ეს თანხა მიდიოდა ვანო მერაბიშვილთან

ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2006 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასზე განხორციელებულ ქონებრივი უფლებების ხელყოფის ფაქტებს იხსენებს.

როგორც ბიზნესმენი იხსენებს, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს საბაჟო სამსახური იმპორტიორებს სთხოვდა არარსებულ დოკუმენტებს, რაც იყო საბაბი იმისთვის, რომ შემდგომ დაკავშირება მომხდარიყო მათთან.

შოშიაშვილის განცხადებით, მას პარლამენტარ დავით კირკიტაძის ძმა, ირაკლი კირკიტაძე დაუკავშირდა, რომელიც თბილისის ფინანსური პოლიციის უფროსის პოსტს იკავებდა და მისგან ითხოვდა თითოეულ კონტეინერზე 1 500 დოლარის გადახდას, რომელიც იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრთან , ვანო მერაბიშვილთან, უნდა მისულიყო.

„2006 წელს მივედით ფინანსურ პოლიციაში „მაშველ რგოლად“ პირდაპირ კომუნიკაციაზე გამოვიდა ირაკლი კირკიტაძე, მაშინ იყო ქალაქ თბილისის ფინანსური პოლიციის უფროსი, მასთან გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია და მან თქვა ასეთი რაღაც: „აქედან კონტეინერი ვერ გავა ვერასდროს, ის კი არა წითელ ხიდზეც ვერ შემოვა კონტეინერი, თუ თითოეულ კონტეინერზე არ იქნება გადახდილი 1 500 დოლარი. ეს უნდა იყოს როგორც ხელფასი, ჩვეულებრივ მოწვდილი ხელფასი, ჩვენ ვიცით რა დროს რამდენი კონტეინერი შემოდის, ამიტომ ეს თანხა უნდა იყოს ყოველთვის ჩვენთან. მოგაკითხავთ ამ თანხაზე და წავიღებთ ყოველთვიურად შემოსული კონტეინერების რაოდენობის მიხედვით 1500 დოლარს, ხელზე დოკუმენტების გარეშე.“
ჯამში ჩვენ თვეში დაახლოებით 10 კონტეინერი შემოგვქონდა და ვიცოდით, რომ საშუალოდ 15 000 დოლარი იყო გადასახდელი და მან იქვე დააკონკრეტა, რომ ეს თანხა მიდიოდა ბატონ ვანოსთან [მერაბიშვილი] და ვანო იყო საქმის კურსში, რომ ეს თანხა უნდა მისულიყო მათთან“,-განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები