ნათია თურნავა: ვაგრძელებთ ლარიზაციის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რათა სავალუტო ბაზრებზე რყევების რისკი შევამციროთ

იმისთვის, რომ სავალუტო ბაზარზე რყევების რისკი შევამციროთ, ვაგრძელებთ ლარიზაციის თანმიმდევრულ პოლიტიკას, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველოში სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი მონაწილეობდნენ.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საბანკო სექტორი აქტივების კარგი ხარისხით არის კაპიტალიზებული.

„ამოცანა, რომელიც დგას ეროვნული ბანკის წინაშე, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. ამ თვალსაზრისითაც შეფასება დადებითია, თუმცა იმის გათვითცნობიერებაც საჭიროა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოა საჭირო, რომ საფინანსო სექტორში შენარჩუნდეს ასეთი ჯანსაღი მდგომარეობა. საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი არის კარგად კაპიტალიზებული, აქტივების კარგი ხარისხით, საკმარისი ბუფერებით, რაც გვაძლევს იმედს, რომ გაზრდილი საერთაშორისო გაურკვევლობის პირობებში სხვადასხვა რისკს კვლავ გაუმკლავდება ჩვენი საფინანსო სისტემა, როგორც ამას აქამდე წარმატებით აკეთებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, მისასალმებელი და ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ სავალუტო ფონდის დასკვნაში არის აღნიშნული, სებ-ის ძალისხმევა ლარიზაციის მიმართულებით.

„იმისათვის, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა, ჩვენი პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა რისკის მიგიტაციას, სხვადასხვა რისკის ნეიტრალიზაციას. ერთ-ერთი ასეთი რისკი არის დაუცველი ე.წ არაჰეჯირებული სესხები და იმისთვის, რომ შევამციროთ სავალუტო ბაზარზე რყევების რისკი და მისი ზემოქმედება მოსახლეობაზე, ჩვენს საფინანსო ბაზარზე, ვაგრძელებთ ლარიზაციის თანმიმდევრულ პოლიტიკას. ბოლოს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ არაჰეჯირებული სესხების ლიმიტი. 750 000 ლარამდე გაიზარდა იმათთვის, იმ მსესხებლებისთვის, ფიზიკური პირებისთვის, ვისაც შემოსავალი აქვს ძირითადად ეროვნულ ვალუტაში, ამით ვახდენთ ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი რისკის დაბალანსებას და შემცირებას და ხელს ვუწყობთ ფინანსური სტაბილურობის კვლავაც შენარჩუნებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები