გივი მიქანაძე პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების განცხადებებზე: ავრცელებენ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებებს
“[პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოები] ავრცელებენ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებებს, რომლითაც მათ სურთ, რომ გარკვეული შეტევა მიიტანონ ქართულ ეკონომიკაზე,” – ამის შესახებ მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
დეპუტატი ამ განცხადებით გამოეხმაურა საკუთარი მოქალაქეებისადმი საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოების გაფრთხილებას, რომ საქართველოში გამგზავრებამდე ის ფაქტორები შეაფასონ, რაც შესაძლოა ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
„ეს არის მიზანმიმართული კამპანია ვაიმარის ქვეყნების მხრიდან. საელჩოები ჩართული არიან ამ პროცესში და იმის მაგივრად, რომ მათ მათზე დაკისრებული ფუნქცია განახორციელონ ორი ქვეყნისა და ხალხებს შორის ურთიერთობების დაახლოებას ხელს შეუწყონ, ავრცელებენ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებებს, რომლითაც მათ სურთ, რომ გარკვეული შეტევა მიიტანონ ქართულ ეკონომიკაზე“, – განაცხადა მიქანაძემ.