თორნიკე გერლიანი: კოდორის ხეობიდან 2008 წელს ჯერ ჯარი მოდიოდა და შემდეგ – მოსახლეობა, 10 აგვისტოს გამოვიდა ჯარი და 11 აგვისტოს გამოვედით ჩვენ, მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და არანაირი პირობა, რომ ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობსო

კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის თემა განიხილება.

თორნიკე გერლიანის განცხადებით, კოდორის ხეობა ჯარმა 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვა, ხოლო, ადგილობრივებმა – 11 აგვისტოს, მანამდე კი, ხეობაში მყოფი მაღალჩინოსნები კოდორის ხეობის მცხოვრებლებს არწმუნებდნენ, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკონტროლებდა და ევაკუაციისთვის არანაირი პირობა არ არსებობდა.

“დავიბადე და გავიზარდე კოდორის ხეობაში. კოდორის ხეობის ადგილობრივი დანაყოფის მეთაური, მის დაშლამდე, ბოლომდე, გახლდათ მამაჩემი, ზურაბ გერლიანი. თავიდან იყო ემზარ კვიციანი, შემდეგ იყო ზურაბ გერლიანი. ყველაფრის მომსწრე ვარ მანდ და როგორი იყო კოდორის ხეობიდან 2008 წელს – სამწუხაროდ, ჯერ მოდიოდა ჯარი და შემდეგ მოსახლეობა. მე გამოვედი 11 აგვისტოს, თითქმის დაცლილი იყო ხეობა, თითქმის ვიძახი იმიტომ, რომ შეიძლება 2-3 ადგილობრივი მოსახლე გამოდიოდა ჩემთან ერთად. ბოლო დანაყოფი, ოცეული ძალიან აგრესიულად შეგხვდა. 2008 წლის 11 აგვისტოს ჩვენით გამოვედით იქიდან, 10-ში კი ჯარი გამოვიდა – ეს გაქცევა იყო, ისინი გაიქცნენ, იმიტომ, რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და არანაირი პირობა, რომ თქვენ გახვიდეთ, ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობს. [ამას გვეუბნებოდა] ჯარი და იქ ვინც იყვნენ წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები.” – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები